მესტიის მუნიციპალიტეტში სივრცითი მოწყობის დოკუმენტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს
4 ივლისი 2019
მესტიის მუნიციპალიტეტში სივრცითი მოწყობის დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. პროექტი ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის, სამთო ინდუსტრიის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის და კომუნიკაციების საკითხებს. გენერალურ გეგმაში ასევე, გათვალისწინებულია მოქმედი და ახალი სამთო- სათხილამურო კურორტების მაქსიმალურად გამოყენება. მომზადდა დეტალური ზონირებული რუკები.
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა. პროცესში ჩართული იყო მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი. ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ საჯარო განხილვაზე მან ხაზი გაუსვა გეგმის მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სექტორის განვითარებაზე.
,,მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტი მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონის განვითარებისათვის და მისი სწორად დაგეგმარებისთვის. აქ განხილულია თუ როგორ უნდა მოხდეს არა მხოლოდ იმ ტურისტული ნაკადის მიღება, რომელიც ასე აქტიურად არის მოჭარბებული მესტიის მუნიციპალიტეტში, არამედ ასევე განხილულია თუ როგორ უნდა იყოს მიმართული თვითონ ადგილობრივი მოსახლე, როგორ უნდა განვითარდეს და როგორ უნდა მიეცეს შესაძლებლობა უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ტურიზმისაგან” - განაცხადა მზია გიორგობიანმა.
საჯარო განხილვაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
განვითარების გენერალურ გეგმაზე, საკონსულტაციო ცენტრმა ,,გეოგრაფიკმა” ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად იმუშავა. შემუშავებისა და განხილვის პროცესში მჭიდროდაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა.
საჯარო განხილვა მესტიის შემდეგ მულახისა და ჭოლაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართება. საბოლოოდ, დოკუმენტის მიღება მოსახლეობასთან ფართო კონსულტაციებისა და განხილვების შემდეგ მოხდება.